top of page
Asset 3.png

Impel-ის სასწავლო გრანტი
STEM სტუდენტებისთვის

Impel-მა თავისუფალ უნივერსიტეტში საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში, MACS(E)-ის, ბიზნესისა და ფიზიკის სკოლების STEM მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ გრანტი ერთი წლის სწავლის საფასურის დასაფინანსებლად.​​

image.png

საქართველოში Impel-ის ისტორია ქართული სტარტაპით – Pulsar AI-თ იწყება, რომელიც 2017 წელს დაფუძნდა და საწყის ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებდა. კომპანიის მიერ შემუშავებულმა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვანი ყურადღება მოიპოვა საერთაშორისო ბაზარზე, რის შედეგადაც 2021 წელს კომპანია შეიძინა ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანია Impel-მა.

დღეს Impel-ის თბილისის ოფისი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინოვაციურ ჰაბს, სადაც იქმნება და ვითარდება ის AI გადაწყვეტილებები, რომლებიც აერთიანებს ციფრული გაყიდვების, ავტომატური კომუნიკაციისა და გამოსახულების უახლეს შესაძლებლობებს. სასწავლო გრანტს Impel და მისი ადგილობრივი გუნდის წევრები აფინანსებენ.

„ვთვლით, რომ STEM მიმართულების სტუდენტების მხარდაჭერა ინვესტიციაა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარება სწორედ იმ ახალგაზრდებზეა დამოკიდებული, რომლებიც დღეს სწავლობენ და ხვალ ქმნიან ახალ რეალობას." – Impel-ის საქართველოს გუნდი.

იმპელის ინიციატივა ხელს შეუწყობს ნიჭიერ სტუდენტს, რათა ფინანსურმა ბარიერებმა არ შეუშალოს ხელი განათლების მიღებაში და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში.

"არჩევანი გავაკეთეთ თავისუფალ უნივერსიტეტზე, რომელიც გამოირჩევა მაღალი აკადემიური სტანდარტებით, თანამედროვე მიდგომებით და სტუდენტების განვითარების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რიცხვი ჩვენს კომპანიაში ძალიან მაღალია. სწორედ ამ კავშირმა და საერთო გამოცდილებამ განაპირობა ინიციატივის დაბადება და კომპანიის მხრიდან მისი ორგანიზება.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა არ შემოიფარგლოს მხოლოდ ფინანსური დახმარებით. ჩვენი მიზანია, მას თან ახლდეს მოტივაციის გაძლიერება და ის განცდა, რომ ახალგაზრდას გვერდით უდგას მხარდამჭერი კომპანია, რომელიც ზრუნავს მის მომავალზე.“

სააპლიკაციო პროცესი: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ MACS(E)-ს, ბიზნესისა და ფიზიკის სკოლის ამჟამინდელ სტუდენტებს, რომელთაც განსაკუთრებული ინტერესი აქვთ STEM სფეროს მიმართ. კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე, მონაწილეებმა უნდა შეავსონ ფონდის ვებგვერდზე განთავსებული აპლიკაცია, შემდეგ შერჩეულ აპლიკანტებთან ჩატარდება გასაუბრება. გრანტს მოიპოვებს ერთი სტუდენტი, დაფინანსდება თავისუფალ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის სწავლის საფასური, რომელიც სტუდენტს ცოდნის ფონდისა და სახელმწიფო გრანტის (არსებობის შემთხვევაში) გამოკლების შემდეგ დარჩება გადასახდელი.

​​​​

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, აპლიკაცია 27 აგვისტოს ჩათვლით შეავსოთ. კონკურსის გამარჯვებული სექტემბერში გამოვლინდება.​​​

bottom of page